logo
ENG



ზურაბიშვილი: პოლიტიკურმა შეთანხმებამ უკვე გამოიღო შედეგი - ინსტიტუტების გაძლიერება

20 აპრ 202116:49
3 წუთის საკითხავი
 

შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ დღეს გამარჯვების დღეა. 

ზურაბიშვილის თქმით, პოლიტიკურმა შეთანხმებამ უკვე გამოიღო შედეგი და ეს არის ინსტიტუტების გაძლიერება. 

"პირველ რიგში, პარლამენტის გაძლიერება, რამეთუ დღევანდელი დღიდან ეს არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც უკვე შეუძლია, იყოს არა დაპირისპირების, ერთმანეთის სიძულვილის და ლანძღვის ადგილი, არამედ ადგილი, სადაც მთავარი გამოწვევები, მთავარი საკითხები, რომელიც ქვეყანას აწუხებს, იყოს გადალახული. გამოვირჩეოდეთ წინსვლით და არა უკუსვლით. 

ის უფლებები, რაც ენიჭება ოპოზიციას დღეს საქართველოს პარლამენტში, ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპელ ქვეყნებთან უმაღლეს დონეზე, რადგან არის ბევრი ქვეყანა, სადაც ოპოზიციას არ ენიჭება ამხელა უფლებები. გახდა ქმედითუნარიანი და ყველანი ველოდებით, რომ ვნახოთ შედეგები". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 20 აპრილს ჩამოვიდა და უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს

მის მიერ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის შეთანხმების მიზნით შემოთავაზებულ დოკუმენტს ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი გუშინ, 19 აპრილს მოაწერა.

მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • გირჩი - მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

ხელისუფლების მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, ლეიბორისტულმა პარტიამ და მოძრაობა დროას დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ, რომელმაც პარლამენტის მანდატი ევროპული საქართველოს სიით მიიღო. 

20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდა, ხელი მოაწერონ დოკუმენტს და შევიდნენ პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია უპირობოდ გათავისუფლდება პატიმრობიდან. 

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

close დახურვა